პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით ის დიდი სპეკულაცია, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძემ აწარმოა, სრული ფიასკოთი სრულდება.

ქადაგიშვილის თქმით, სპეკულაციები, რომელიც მათ ჰქონდათ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ საერთაშორისო არბიტრაჟების გადაწყვეტილებით გაქარწყლდა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით ის დიდი სპეკულაცია, რომელიც აწარმოა ხაზარაძე-ჯაფარიძემ და ამ ჯგუფმა, სრული ფიასკოთი სრულდება. საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ მაქსიმალური ხელშეწყობის პირობები შეუქმნა ამ პროექტს განხორციელებისთვის. ვერც ერთ ჯერზე ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელებისთვის ვერც საჭირო ინვესტიციების მოზიდვა და ვერც სხვა საქმის უზრუნველყოფა. დანარჩენი, ის სპეკულაციები, რომელიც მათ ჰქონდათ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ საერთაშორისო არბიტრაჟების გადაწყვეტილებით გაქარწყლებულია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.