თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული.

"ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს, საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა და ეს იმ დღეს არ დაწყებულა. თვეების განმავლობაში მიდიოდა იმის კამპანია, რომ ისინი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. გრძელდებოდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ემზადებოდნენ ხელისუფლების ჩამოსაგდებად, რევოლუციის მოსაწყობად და უკვე 4 ოქტომბერს მოინდომეს ამის შესაბამისობაში მოყვანა და გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები - მივარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გადაანგრიეს ღობე, სცადეს ადმინისტრაციაში შეჭრა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის არსებობს არჩევნები და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს", - განაცხადა კახა კალაძემ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დღეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დამნაშავედ აღიარების ფაქტის კომენტირებისას.