თბილისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ცნობილია. ის "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძეა და არა ნეიტრალური თუ უპარტიო კანდიდატი, როგორც ამას ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებდა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპონენტებმა საარჩევნო კამპანია ტყუილით დაიწყეს, ამის გადამწყვეტი მიზეზი კი მამუკა ხაზარაძის ფინანსური რესურსი გახდა.
"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კანდიდატები, რომლებიც "ლელო"-გახარიამ წარმოადგინა, ჩვეულებრივად არიან რიგითი, პარტიული წევრები, აქტივისტები და ის დაპირება, რომ ისინი წარადგენდნენ უპარტიო კანდიდატს, ფუჭი აღმოჩნდა.
"კანდიდატები, რომლებიც "ლელო"-გახარიამ წარმოგვიდგინა, ჩვეულებრივად არიან რიგითი, პარტიული წევრები და აქტივისტები. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დასაწყისში მათი მხრიდან მუდმივად იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ შერჩეული მერობის კანდიდატი და სხვა წამყვანი პირები, რომლებიც დედაქალაქის მესვეურები უნდა გამხდარიყვნენ, მათი გაგებით იქნებოდნენ საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციების შემდეგ, უპარტიო, საზოგადოებრივი, სამოქალაქო სახეები. ჩვენ დავინახეთ, რომ მათი ეს ლაპარაკი და დაპირება ფუჭი აღმოჩნდა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.