მმართველი გუნდი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების წინააღმდეგ ოპოზიციის კამპანიაზე საუბრობს და იხსენებს ჯერ "ჰუალინგის" პროექტის, ახლა კი "ემაარ ჯგუფის" ინვესტიციის წინააღმდეგ ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების განცხადებებს, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის კომენტარებს, რომელიც ჯერ ექვს ნახევარ მილიარდიან ინვესტიციას აყენებდა ეჭვქვეშ, ახლა კი ტერმინ "არაბიზაციას" იყენებს.

უმრავლესობის შეფასებით, კამპანიის მიზეზი, რეალურად, ეკონომიკის პროგრესის წინააღმდეგ ბრძოლაა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, "ლელო" ბიზნესის "აფეთქებით" არის დაკავებული.

"ლელო," რომელიც თავისი შინაარსით უნდა ყოფილიყო ბიზნესის მხარდამჭერი, იმ ყველა სხვა რადიკალიზმთან ერთად, ახლა უკვე "ბიზნესის აფეთქებითაც" არის დაკავებული.

როდესაც 6,5 მლრდ-იან ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში, არ შეიძლება, რომ აზიანებდე ამ პროცესს და გამოდიოდე ამ უმსხვილესი ინვესტიციის წინააღმდეგ, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაში განხორციელდა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. ჩვენს შემთხვევაშიც საუბარია, დაახლოებით 30 000-მდე ახალ სამუშაო ადგილზე. თავად ინვესტიციის მოცულობაც და, ზოგადად, საქართველოს საინვესტიციო ფონის გაუმჯობესება ამ კუთხით. ამ ქვეყნის ეკონომიკის კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება. თავისთავად, ლოგიკაც ასეთია, რომ ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერს, რაც შეიძლება "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში იყოს საქართველოსთვის სასარგებლო", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.