"გაიხსენეთ რასა იუკნევიჩიანეს გამონათქვამი, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილის გამონათქვამებს, მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ "ქართული ოცნება" არის ვირუსი თუ ინფექცია, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რომელიც ხმას აძლევს "ქართულ ოცნებას", არის დამნაშავე. მთელი ხალხი გამოაცხადა დამნაშავედ ქალბატონმა იუკნევიჩიანემ. იმავეს იმეორებს სააკაშვილი, რომელიც მათი დავალებით მოქმედებს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს, სადაც ის წერს, რომ "არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს".

"ამაზე ვსაუბრობდით, რომ მათთვის მათი პირადი აგენტებისა და დავალებების შემსრულებლების გარდა სხვა დანარჩენი ხალხი არ ვართ, ჩვენ ხალხად არ გვთვლიან. მათ რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი მარიონეტები, ალბათ შეგვიქმნიან სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგვყრიან და იქნებიან თავისთვის. სემინარებით და ყავებით ირბენენ აქეთ-იქით, ივლიან სხვადასხვა დედაქალაქებში და ტელეხიდები ექნებათ ჩართული. ეს არის სინამდვილეში, რომ ხალხად არ გვთვლიან," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.