ნიდერლანდების პარლამენტში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა და "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" წარმომადგენელმა, გიორგი რუხაძემ საერთაშორისო აქტორებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და დახმარებისკენ მოუწოდეს.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სიტყვით გამოსვლას, ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და სხვადასხვა შემზღუდავი კანონების ფონზე, საერთაშორისო სანქციების გაფართოება ლოგიკური და მოსალოდნელია.

"კანონი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვას, გაუქმებას, მედიის შეზღუდვას და ახლა ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს - პარტიებს აუქმებს ქვეყანაში. ჩვენ ვართ ამ კრიზისულ კალაპოტში - აქედან გამოსავალი არის ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და როდესაც ამას არ აკეთებ, საერთაშორისო სანქციები არამხოლოდ გაფართოვდება, არამედ იქნება დამანგრეველი ძალის," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

"საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი კი აცხადებს, რომ მისი პარტია სანქციების საქართველოს მოსახლეობაზე გავრცელებას არ მიესალმება და პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო.

"ჩვენი პოლიტიკური პარტია ძალიან ბევრს მუშაობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები და მძიმე გადაწყვეტილებები არ გავრცელებულიყო ვიზალიბერალიზაციაზე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა. შესაბამისად, მიუღებელია ამ კონტექსტში ქვეყნის დასანქცირებაზე ლაპარაკი," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.