შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის გამკაცრების მიუხედავად, მომიტინგეები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას მაინც განაგრძობენ. მმართველი გუნდი აქციის მონაწილეებს კანონის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებს და განმარტავენ, რომ კანონის დაცვით ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება.
"მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ყველამ მაქსიმალურად დაიცვას კანონის ნორმები და თუ ამისი აუცილებლობა არ არსებობს, არ მოხდეს გზების ბლოკირება და ა.შ. თუ კანონის ნორმები [არ] იქნება დაცული, მაშინ ყველას აქვს შესაძლებლობა თავისი აზრი გამოხატოს იმის მიუხედავად თუ რა პროფესიის ადამიანია, მაგრამ თუ ხდება პირდაპირ კანონის წინააღმდეგ შეგნებულად წასვლა, მაშინ სახელმწიფო არის იძულებული მიიღოს ის ზომები, რა ზომებიც მიიღო“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
16 ოქტომბრიდან გამკაცრებული კანონის მიხედვით, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავსს ქმედებას, მათ მიმართ უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.