გზის გადაკეტვის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეები გრძელდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა კიდევ 5 პირი დააკავეს. მათგან ორს 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ქეთა ციცქიშვილის და ნინო ბერუაშვილის პროცესი კი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.
18 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულების ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა გუშინ შეეფარდა.
მოსამართლემ ვახო სანაიას 6-დღიანი, ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს კი 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
ნინო ბერუაშვილის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, დაკავებულს, სავარაუდოდ, პირბადის ტარებას ედავებიან.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ნინო ბერუაშვილი. მისი დაკავება, როგორც ოჯახისგან გავიგე, მოხდა დღეს დილით, 08:00 საათზე. სავარაუდოდ, მასაც პირბადის ტარებას ედავებიან. არ შევხვედრილვარ მას. ჯერ საქმის მასალებიც არ გადმოგვცემია. პროცესზე მომაწვდიან საქმის მასალებს", - განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.