ფილიპინებს ტროპიკული შტორმი "ფენგშენგი" დაატყდა თავს, რამაც ლუსონის მთავარ კუნძულზე ძლიერი წყალდიდობა და მინდანაოს სამხრეთ კუნძულზე მასშტაბური მეწყერი გამოიწვია. Al Jazeera-ს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ფილიპინების კატასტროფების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით, კესონის პროვინციაში, კვირა დილით ადრე, ოჯახის ხუთი წევრი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა, როდესაც მათ ბამბუკის სახლს ხე დაეცა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, შემთხვევას ოჯახის ერთი წევრი გადაურჩა და ის მოზარდია.
შუადღის მონაცემებით, მანილას სამხრეთით, ლუზონის თავზე ქარიშხალ "ფენგშენის" მძვინვარების გამო, ათზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხალი დასავლეთის მიმართულებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვისკენ მოძრაობს.