გახარიას პარტია პარლამენტში შედის. გადაწყვეტილება ბრიფინგზე გამოცხადდა, სადაც თქვეს, რომ პარლამენტის ბოიკოტი შეცდომა იყო, ოპოზიციას შედეგი არ მოუტანა და ისინი აპირებენ როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოების ტრიბუნის გამოყენებას. საკანონმდებლო ორგანოში იმ 12 დეპუტატის ადგილმონაცვლე შევა, რომელთაც მანამდე უფლებამოსილება შეუწყდათ.
მმართველ გუნდში გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ.
"ის გადაწყვეტილება, რომ მათ სრულად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტსა და საკრებულოებში, არის სრული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხოლო ის, რომ არ შემოსულიყვნენ ამდენი ხანი, იყო არა უბრალოდ არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა და ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გადის დანაშაულის ზღვარზე. ფაქტობრივად, ისინი იყვნენ პარლამენტში, უბრალოდ აცდენენ სხდომებს. ყველაფრის გათვალისწინებით, ეს უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური შეცდომა და ნამდვილად არის სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი და საზოგადოების წინააღმდეგ გალაშქრება. იმიტომ, რომ შენ შეგნებულად მიდიხარ პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციაზე, თორემ რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში?! - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.