"მინისტერიალიდან საქართველოსთან დაკავშირებით განსაკუთრებულს არაფერს ველოდებით. ცალკეულ უცხოელ პირებს ვურჩევ, ქართველი ხალხის სახელით საუბარს თავი დაანებონ," – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა და ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრამდე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალს გულისყურით დააკვირდება.

"მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე ევროკავშირი, რადგან მას აქვს გეოპოლიტიკური შედეგები, მათ შორის საქართველოსთვისაც. საქართველოსთან დაკავშირებით განსაკუთრებულს არაფერს ველოდებით, გარდა იმისა, რაც წინა წლებში გვინახავს – ტრადიციულად, კრიტიკული და რეალობიდან მოწყვეტილი განცხადებები. რაც შეეხება ცალკეული პირების მხრიდან საქართველოსადმი გაკეთებულ განცხადებებს, ყველას ვურჩევ, ქართველი ხალხის სახელით საუბარს თავი დაანებონ. რომელმა უცხოელმაც გადაწყვიტა, ქართველი ხალხის სახელით ესაუბრა, ზოგი პენსიაზე გავიდა და ზოგმა თავისი მანდატები დაკარგა ადგილობრივ არჩევნებზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს, რომ ისინი არ დგანან სწორ მხარეს, საღად ვერ აფასებენ, ზოგადად, მიმდინარე მოვლენებს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.