"პოლიტიკური პარტიების გაუქმება არის მთლიანად არაკონსტიტუციური პროცესი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორიც არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ქვეყნის შიგნით ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას - როგორ და რა ფორმით, ამას საზოგადოება ნახავს საკონსტიტუციოს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ," - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.

"ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრის მთელი მოტივაცია არის ის, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. ქვეყნის გარეთ ჩვენ ვაპირებთ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ და გავასაჩივროთ, თუმცა მოლოდინი იმისი, რომ "ქართული ოცნებისთვის" ეს იქნება დამაბრკოლებელი ან გაითვალისწინებს სტრასბურგს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს," - აცხადებს ანა წითლიძე.

"ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა. "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს. ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება ქართულ პოლიტიკაში - გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.