განათლების სამინისტროსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები განათლების ახალ რეფორმას აპროტესტებენ. "არა რუსულ რეფორმას" - ეს აქციის მთავარი სლოგანია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როდესაც არგუმენტები არ არსებობს, ოპონენტები და მათი მხარდამჭერები, უკვე ნაცად მეთოდს მიმართავენ და ყველაფერს "რუსულს" არქმევენ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, ტერმინი "რუსულის" ყველაფერზე ხმარება მავნებლობასთან ერთად უჭკუობაც არის.
"ტერმინი "რუსულის" ყველაფერზე ხმარება არის მავნებლობასთან ერთად, ალბათ უჭკუობაც. ზოგადად, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი იყო განათლების რეფორმა. თუ ვინმეს რაიმე ტიპის შენიშვნა, შესწორება ან უკეთესი ხედვა აქვს, ამისთვის არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, პარლამენტი, სადაც პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ და საუბრობდნენ რეფორმის გაუმჯობესებაზე. დღეს ვხედავთ, რომ განათლების კომიტეტში ჩვენ ოპოზიციის მხარე საერთოდ არ გვყავს წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ ამაზე მუშაობას ვაგრძელებთ. მერანი მიდის და ჩვენს ქვეყანას ექნება ძალიან ღირსეული განათლების რეფორმა", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.