შესთავაზა თუ არა სააკაშვილმა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა? ოპოზიციური ალიანსის დაშლის შემდეგ რღვევა თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მიმდინარეობს. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე პოლიტიკურ ჭორაობად მოიხსენიებს, თუმცა ადასტურებს, რომ პარტიაში ჟორჟოლიანის შეერთებასთან დაკავშირებით მან ინფორმაცია უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან წერილობით მიიღო, სადაც თავმჯდომარის რანგში ის თავად იყო მოხსენიებული.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ენმ-ს თავმჯდომარე ვინ იქნება.

"არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ სააკაშვილის გარეშე იქნება გაერთიანებული ოპოზიცია, კრახი გარდაუვალია მათთვის.

ზოგადად დაპირისპირების საგანი ყველამ კარგად ვიცით. "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ნანუკა ჟორჟოლიანებით და გაურკვეველი ჯგუფებით თუ უნდა იყოს ეს ფლაგმანი ამას დარწმუნებული ვარ ვერავინ ვერ შეეგუება, მაგრამ ზოგადად ჩვენთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ესენი ერთად იქნებიან თუ ცალცალკე კრახი გარდაუვალია.

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომ იქნება მაშველი რგოლი ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეგრესი და სტაგნაცია აქვს პარტიას. ამაზე ვსაუბრობ ზუსტად, ამათი დაპირისპირებაც ლოგიკურია და თინა ბოკუჩავა იქნება თუ ნანუკა ჟორჟოლიანი ჩვენთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა. უბრალოდ აქვთ კრიზისი და ფაქტობრივად დაშლილები არიან და სააკაშვილის სახელია მხოლოდ დარჩენილი,"- აცხადებს ჭეიშვილი.

შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა რამდენიმე დღის წინ თავად ჟორჟოლიანმა გაავრცელა.