ოპოზიციური ალიანსის დაშლის შემდეგ, რღვევა თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მიმდინარეობს. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

შესთავაზა თუ არა სააკაშვილმა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა? გავრცელებულ ინფორმაციას ბოკუჩავა პოლიტიკურ ჭორაობად მოიხსენიებს, თუმცა ადასტურებს, რომ პარტიაში ჟორჟოლიანის შეერთებასთან დაკავშირებით მან ინფორმაცია უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან წერილობით მიიღო, სადაც თავმჯდომარის რანგში თავად ის იყო მოხსენიებული.

ბოკუჩავა ასევე ამბობს, რომ მიიღებს თუ არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას, მას ჯერ არ გადაუწყვეტია.

"ჟორჟოლიანის "ნაციონალურ მოძრაობაში" შემოერთებასთან დაკავშირებით მეც მივიღე ინფორმაცია წერილით პრეზიდენტ სააკაშვილისგან, მომწერა წერილი ამის შესახებ. ამ ცვლილებებისა და რეფორმების განხორციელებას, ის გეგმავს პარტიასთან, ასევე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და სახელობით მომიხსენია მე.

ამ ნდობის მანდატისთვის ვარ ძალიან მადლობელი. საბოლოო გადაწყვეტილება, ამ უდიდეს პასუხისმგებლობას ავიღებ თუ არა, არ მაქვს მიღებული. პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს იყო. მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე, ვიხელმძღვანელოთ იმ საჯარო პოზიციით, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. სხვა რამის გამოქვეყნება რომ ნდომებოდა ამას გააკეთებდა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა რამდენიმე დღის წინ თავად ჟორჟოლიანმა გაავრცელა.