საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაშაულები პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებშიც ჩანს და ოპოზიციას მათ ავთენტურობაში ეჭვი რომ ეპარებოდეს, "აქამდე ათჯერ ჩაუტარებდნენ ექსპერტიზას".

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, პარლამენტსა და საპოლიციო ძალებზე შტურმი მშვიდობიანი აქციების სახელით შეფუთოს.

"ეს კადრები ეჭვს რომ იწვევდეს, აქამდე ათჯერ გაგზავნიდნენ ექსპერტიზაზე, რომ იქ არ იყო რეალობა ასახული. რა თქმა უნდა, იქ არის რეალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს საშუალება, მათ შორის სასამართლოზე, რომ ეს კადრები გაეგზავნათ ექსპერტიზაზე, თუ არ იყო ავთენტური. მაგრამ, ყველამ კარგად იცის, რეალურადაც ვინც დაინახა, რომ მას ხელში ეჭირა დანა და თავს დაესხა პოლიციელს. შესაბამისად, არავინ დაიჯერებს, რომ ამ ხსნის განმავლობაში ამ ფაქტს არავინ არ აპროტესტებდა, მათ შორის, არც დაცვის მხარე. რატომღაც, ახლა, რადგან სალაპარაკო გამოეცალათ და ის სასჯელი რაც მიესაჯა რეალურია, გადავიდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, რასაც არავინ დაიჯერებს. მიზანი არის ის, რომ სიცრუეში ამყოფონ საზოგადოება, თურმე პოლიციას კი არ დაესხნენ თავს, პოლიცია დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციისა და მათი პარტნიორების მხრიდან ძალადობის ბრალდებით აქციაზე დაკავებული პირების მიმართ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს.

ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში ტერორი გრძელდება და 19 წლის საბა ჯიქიას მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგივე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ.