შეერთებული შტატები მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიებად აღიაროს - ტრამპის ახალი გეგმა უკრაინისგან დათმობებს მოითხოვს, სანაცვლოდ, ვაშინგტონი კიევსა და ევროპას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ტრამპის გეგმა "აქსიოსმა", "როიტერსმა", "ეკონომისტმა" და "ფაინენშალ თაიმსმა" გამოაქვეყნეს.

უფრო დეტალურად, ის ითვალისწინებს: დონეცკის ოლქის, მათ შორის უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიების დათმობას; ასევე, ამერიკის და რიგი სახელმწიფოების მიერ ყირიმის და დონბასის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას; ზაპოროჟიესა და ხერსონში ფრონტის ხაზის გაყინვას; დონეცკისა და ლუგანსკის დემილიტარიზებას; ასევე, უკრაინული არმიის განახევრებას, კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვას და უკრაინაში რუსული ენის სახელმწიფო ენად აღიარებას.

"აქსიოსის" ინფორმაციით, გეგმა 28-პუნქტიანია.

"უკრაინაში მიმდინარე რთული და სასიკვდილო ომის დასრულება სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო გაცვლას საჭიროებს. მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, ორივე მხარე რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს უნდა დათანხმდეს. ამიტომაც, ვმუშაობთ და განვაგრძობთ პოტენციური იდეების ჩამონათვალის შემუშავებას ამ ომის დასასრულებლად, რაც დაფუძნებული იქნება ამ კონფლიქტის ორივე მხარის წინადადებებზე", - დაწერა რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში.

ამ საკითხზე ოფიციალური კიევის პოზიცია ჯერ უცნობია.