პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოხარულია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა ძველისგან განსხვავებულია, რომელიც უშუალოდ ერეოდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
კობახიძის თქმით, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმა, ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი იყო.
"ზოგადად, მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. მათ შორის, მიდგომა ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული. თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაცია, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში დაგვჭირდა მთელი მოლაპარაკებები, დაგვჭირდა შეთანხმების ხელმოწერა და ამის შემდეგაც არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში. 2024 წელს, 4-დან 3 ბარიერგადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია.
მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციას მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც წინა შემთხვევებში არ გააკეთა ოპოზიციამ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევის შედეგი და ეს იყო ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთი ისე მეორე შემთხვევაში. მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
