"როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, "ტოპ ტვინი" არ მოსწონთ. რეალურად ვხედავთ, რომ შუღლის ჩამოგდება, რომელიც გარედან დაფინანსებული ადამიანების მხრიდან, ჩვენს ქვეყანაში წარმოებს სამწუხაროდ, უბრუნდებათ ხოლმე ბუმერანგივით ამ კამპანიების მწარმოებლებს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც დემონსტრანტებისა და "ლელოს" ლიდერების დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, იმ ადამიანებს, რომელიც, მისი შეფასებით, ე.წ. კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან არიან კავშირში, ერთმანეთი სულაც არ მოსწონთ.
"ზოგადად, Deep state-ის პირდაპირ ნაკარნახევი კამპანიაა, რომ ჩვენს ქვეყანაში შუღლი იყოს ჩამოვარდნილი. ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაში "ხიდჩატეხილობა" გაჩნდეს და ამას ევროკავშირიდან დაფინანსებული სხვადასხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან აგენტურასთან, პირდაპირ პრაქტიკაში ახორციელებენ. შემდეგ ზიზღის კამპანია თვითონ ერთმანეთზეც უვრცელდებათ ხოლმე. ჩვენ ვიცით, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" გაერთიანებულ ადამიანებს საერთოდ არ მოსწონთ ერთმანეთი, პირიქით, ერთმანეთის მიმართაც ზიზღი აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ, ეს გაერთიანება არის მხოლოდ და მხოლოდ მიღებული დავალების გარშემო," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერებს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შენიშნეს.
დემონსტრანტების განაცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი "ლელოს" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი შეძახილი ისმოდა. მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და "ლელოს" სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვებაც მოუხდათ. პოლიტიკოსი ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.