პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხვალ ელჩები და საქართველოს სტუმრები პატივს მიაგებენ და გაიხსენებენ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
პაპუაშვილის თქმით, აუცილებელია დაფასდეს ქართველი მებრძოლების წვლილი ევროკავშირის და ევროპის არსებობაში.
"მე შარშანაც მქონდა გამოხმაურება ამ საკითხზე. შარშან 9 მაისს ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღე, რომ ერთხელაც არ ახსენა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ერთხელაც არ ახსენა 300 000 ომში დაღუპული ქართველის წვლილი, იმაში რომ დღეს აქვთ შესაძლებლობა ცხოვრობდნენ ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი.
რომ არა ასობით ათასი ქართველი რომელიც იბრძოდა სამამულო ომში, რომ არა 300 000 ქართველი, რომელიც დაიღუპა ომში, არანაირი ევროკავშირი და არანაირი ევროპის დღე არ იარსებებდა, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაფასდეს ქართველების წვლილი ევროპის მშვიდობიან აწმყოში. იმედი მაქვს ის ხარვეზი, რაც წინა წელს დაუშვა ევროკავშირმა წელს გამოსწორდება.
9 მაისს საქართველო აღნიშნავს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. იმედი მაქვს ელჩები და საქართველოს სტუმრები პატივს სცემენ იმ დღესასწაულებს, რომელსაც მასპინძელი ქვეყანა აღნიშნავს და 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს პატივს მიაგებენ,"- აცხადებს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილი მონტენეგროში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იმყოფება. ისტორიული ფორუმის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვდა მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს, ასევე ჰქონდა შეხვედრა მალტელ კოლეგასთან.
