თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, ტრამპი უკვე დიდი ხანია გამოხატავს იმედგაცრუებას ვლადიმერ პუტინის და რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე ორივე მხარის მიმართ.
როგორც ქეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რუსეთი მშვიდობის მისაღწევად საკმარის ინტერესს არ იჩენს, თუმცა ტრამპს იმედი აქვს, რომ პუტინთან შეხვედრა მაინც შედგება. ლევიტმა რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებზეც ისაუბრა, თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, დაწესებული ზომები რუსეთზე დიდ ზეწოლას მოახდენს.
ბუდაპეშტში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის გაუქმებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი. პუტინის განცხადებით, შეხვედრის ჩატარება მომზადების გარეშე შეცდომა იქნებოდა.
პუტინი სანქციებზეც საუბრობს ადა ამბობს, რომ აღნიშნული რუსეთზე ზეწოლის განხორციელების მცდელობაა.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის "ტომაჰავკების" შესაძლო გადაცემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების შემთხვევაში, პასუხი ძალიან სერიოზული ან გამაოგნებელი იქნება.
