"ცალსახად განვმარტავ, რომ ბატონ ირაკლის არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია," - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ბრალდებული ეთანხმება ბრალს და იხდის მნიშვნელოვანი ოდენობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს პროცესუალურ სტანდარტს.

"გამოძიებას აქვს თავისი სპეციფიკა და ამ შემთხვევაში გარკვეული დეტალებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ თქვენს კითხვაზე - ვინმეს წინააღმდეგ მისცა თუ არა ბატონმა ირაკლიმ ჩვენება, ცალსახად განვმარტავ, რომ ბატონ ირაკლის არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ დეტალებზე დამატებით კომენტარს გავაკეთებთ.

ბრალდებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ განმარტა, რომ ბატონი ირაკლი თავს ცნობს დამნაშავედ და ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მის მიერ უკანონო შემოსავლების მიღებასთან. აღნიშნული ეხება იმ პერიოდს, როცა ის კერძო სექტორში - ბიზნესში საქმიანობდა, ასევე შემდგომ პერიოდს, როდესაც იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას.

ასევე იყო კითხვები, თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლო და ბრალდების მხარე მხედველობაში იღებენ მრავალ გარემოებას და არცერთი საქმე ერთმანეთს არ ჰგავს.

როდესაც ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ ემალება სამართალდამცავ ორგანოებს, ეთანხმება ბრალს და იხდის მნიშვნელოვანი ოდენობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს პროცესუალურ სტანდარტს," - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ირაკლი ღარიბაშვილს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებების შესრულება: საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.

გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

იქამდე, პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.