პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკომისიის პრეს-სპიკერის მხრიდან ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ მათ აღრეული აქვთ ფასეულობები და აღარ იციან, რეალურად რაში გამოიხატება დემოკრატია.
მისი განმარტებით, საქართველოში მთელი რიგი ელჩები დაკავებულები არიან რევოლუციური სცენარის გათამაშებით.
"პოლიტიკოსი" ელენე ხოშტარია, რომელიც არჩევნების წინააღმდეგია, დაკავებულია არჩევნების ჩაშლით, დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანონის პირდაპირი, უხეში დარღვევით და ამას მხარს უჭერს ევროკომისიის პრეს-სპიკერი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ აღრეული აქვთ ფასეულობები, აღარ იციან უკვე, რაში გამოიხატება დემოკრატია რეალურად.
საქართველოში მთელი რიგი ელჩები დაკავებულები არიან რევოლუციური სცენარის გათამაშებით. პირდაპირ ვისაუბროთ ამაზე, აქ არაფერი აღარ არის დასამალი. მათ რომ საქართველოში არჩევნები და დემოკრატია აინტერესებდეთ, ამის მხარდასაჭერ განცხადებას ერთხელ მაინც გააკეთებდნენ. ახლა ფიქრობენ, რომ 4 ოქტომბერი ბოლო სერიაა ამ ფერადი რევოლუციების და რაღაცნაირად ამ ბოლო სერიისთვის მზადება ხდება. მინდა გითხრათ, რომ როგორც ყოველთვის, პირველ სერიას უფრო დიდი ეფექტი აქვს, მაგრამ ბოლო სერიას საერთოდ არავინ აღარ უყურებს. ასეთი იქნება 4 ოქტომბერი და მისი მხარდამჭერი შიდა თუ გარე აგენტების ბედი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.