სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული პოლიტიკოსების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს. მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ. ლელოს ლიდერების საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. პროკურატურა მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ასევე ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი სულ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წარუდგინა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ რამე პრეტენზია ექნებათ და მართლმსაჯულების გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
"ჩვენი თვალით ვხედავდით როგორ ადგენდნენ საქართველოს მოქალაქეების "შავ სიებს", რომ საქართველო გარედან თავდასხმის ობიექტი ყოფილიყო? არ ვხედავდით, როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში პაპკებითა და საქაღალდეებით იმისთვის, რომ უცხო ქვეყნებისთვის "შავი სიები" მიეწოდებინათ და საქართველო თავდასხმის ობიექტი ყოფილიყო?
ჩვენ ეს ყველაფერი პოლიტიკურად არაერთხელ შევაფასეთ. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას იმ ადამიანების მიმართ, სადაც დანაშაულის მტკიცებულებები სტანდარტს აკმაყოფილებს, პროკურატურის მხრიდან ბრალი წარედგინათ. ვნახოთ, რამდენად საკმარისი იქნება სასამართლოს განაჩენისთვის. პროცესი გამჭვირვალეა და თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.
რამდენჯერ მიმართეს "რუსთავი 2"-ზე. დამარცხდნენ! მიხეილ სააკაშვილზე მიმართეს? - დამარცხდნენ. გვარამიაზე დამარცხდნენ. მელიაზე დამარცხდნენ. საერთოდ ყველაფერზე დამარცხდნენ ისინი, კიდევ ერთხელ რომ დამარცხდებიან იქნებ მერე მაინც მოიხადონ ბოდიში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
