საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექვსი ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა და მას მანიპულაცია და დეზინფორმაცია უწოდა.
წერილში სენატორები ჯინ შაჰინი, როჯერ უიკერი, ჯონ კურტისი და შელდონ უაითჰაუსი, ასევე კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.
"ესეც არის მარტივი მანიპულაცია და დეზინფორმაცია, რომელსაც უბრალოდ იმიტომ, რომ ძალა აღმართს ხნავს, იტყვის ვინმე უცხო დედაქალაქში, და აქედან ცალ ფეხზე მდგომი მათი აქაური აქტივისტები უბრალოდ ავრცელებენ ბრმად", - თქვა პაპუაშვილმა.
როგორც ამერიკელი კანონმდებლები წერენ, 1 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა თითქოსდა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა USAID-ის საგარეო სამსახურის (FSN) ყოფილი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით, რაც სინამდვილეში იყო საპენსიო გადახდა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული აშშ-ის პერსონალის გათავისუფლების შემდეგ.
"სინამდვილეში ყველას გვახსოვს რა ისტორიაზე იყო საუბარი. არავის უთქვამს საელჩოს ადგილობრივ თანამშრომლებთან და მათ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია. რაც შეეხება სხვადასხვა დიდი მოცულობის გადარიცხვებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ხორციელდება საქართველოში, ბოდიში, მაგრამ USAID-ი ჩვენ დავხურეთ, თუ ახალმა ადმინისტრაციამ? USAID-ის მიმართ ბრალდებები იყო ის, რომ ისინი ცდილობენ სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის შეტანას, და რომ ეს იყო იარაღი ხელისუფლების ცვლილებისა, ხალხზე ზემოქმედებისა და ასე შემდეგ", - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
როგორც საქართველოს პირველი კანონმდებელი აღნიშნავს, ის, რომ ქვეყანაში ეჭვის თვალით უყურებენ ნებისმიერ ფულად ნაკადს, ეს უცხოელი დონორების ბრალია. "ასე რომ, ის, რომ ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ნებისმიერ ასეთ ფულად ნაკადს საქართველოში, ამაში დამნაშავე არიან თავად ის დონორები, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს. ნებისმიერი დონორის თანხის მოძრაობას ქართველი ხალხი უყურებს ეჭვით. აი, ეს არის ევროკავშირის ელჩის, სხვადასხვა ქვეყნების ელჩების, სხვადასხვა დონორების დამსახურება. ისე გაიფუჭეს სახელი და წაიხდინეს რეპუტაცია, რომ ნებისმიერი ასეთი ტრანზაქცია ქართველ ხალხში იმავე მომენტში განგაშს ტეხს - ხომ არ არის ეს შემთხვევით რაიმე თანხები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე", - თქვა მან.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა ის, რომ 4 ოქტომბერს ქვეყანაში ხელისუფლება არ დაამხვეს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანა ზუსტად ეს არის, და იმიტომაც ვერ შედგა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობა, რამდენიმე წინასწარ დაანონსებული რევოლუცია. ასე რომ, უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ეჭვის თვალით უყურებს მსგავს ტრანზაქციებს. ეს არის მათი ვალდებულება. რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი და მოთხოვნაც არის, რომ უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის ძალიან დეტალურად დააკვირდეს ასეთ ტრანზაქციებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
