საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, როცა მას ზემოდან უყურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, გამჭვირვალობის რეესტრში რატომ არ რეგისტრირდება აქტივისტ ანანო ცინცაბაძის ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდ PL საქართველო“, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს.
"რამდენადაც ვიცი, მედიიდან რაც გაირკვა, ეს არის პოლონეთის მთავრობის ორგანიზაცია. ყველანაირად ჯდება იმ კრიტერიუმებში, რომლის მიხედვითაც, უცხოური ორგანიზაციაა, ფუნქციონირებს საქართველოში და უნდა დარეგისტრირდეს. როდესაც უცხოური ორგანიზაციები ასე იქცევიან, პატივს არ სცემენ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას, ეს, რა თქმა უნდა, არის გამაოგნებელი და ამით გარკვეულ ტონსაც აძლევენ შემდეგ მათგან დაფინანსებულ ადგილობრივ ორგანიზაციებს. ამიტომ ამას უკვე პოლონეთის საელჩომ უნდა უპასუხოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ ქართველ ხალხისთვის ზემოდან ყურებას.
"საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, როცა მას ზემოდან უყურებენ. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც ყველა რეიტინგთან შედარებით საქართველო მათ უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. ამიტომ იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გაირკვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება ადამიანი, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ცინიკურად, ქილიკით საუბრობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე.
"აქ გარკვეულ პარალელებსაც ვხედავთ იმასთან, რაც დღეს ამერიკაში ხდება ლიბერალების მხრიდან, როდესაც ქილიკობენ ადამიანის სიკვდილზე, ზუსტად იმავე მორალის, იმავე სახის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქართველოში საუბარი. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება. ეს ყველაფერი, შეიძლება, ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა, რომ ის აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანების გარდაცვალებაზე, მაგრამ ხომ გაიგო, რამდენიმე დღეა. იმ განცხადებებზე ალბათ უარესია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ჰერჩინსკისგან ვხედავთ. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაზეც ვსაუბრობდით. ერთი მხრივ, როდესაც კარგი საქმეები კეთდება მათი დაფინანსებით, ამით თავს იწონებენ, ფოტოებს იღებენ, მაგრამ ირკვევა, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებენ, იქ ჩუმდებიან და ემალებიან ქართულ საზოგადოებას. ჩემი სურვილი იქნებოდა, ნაცვლად იმისა, რომ პაველ ჰერჩინსკი დაემალოს ქართველ ხალხს, უპასუხოს ამ კითხვებს. კითხვა მარტივია: აპირებს თუ არა ის, გააგრძელოს იმ ადამიანის დაფინანსება ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე?" – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.