მომდევნო ორ კვირაში უკრაინის საკითხზე შესაძლოა ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს - დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. განიხილეს უკრაინის და რუსეთის პირველი პირების პირისპირ შეხვედრის ორგანიზების საკითხი.

როგორც მედია წერს, ტრამპს იმედი აქვს, რომ მსგავსი ფორმატით საუბარი აგვისტოს ბოლომდე შედგება.

სანამ ვაშინგტონი პუტინის და ზელენსკის ერთ მაგიდასთან დასმას ცდილობს, ერთ მაგიდასთან უკვე ვიხილეთ შტატების, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის პირველი პირები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი - ძირითადი გზავნილი იყო ის, რომ უკვე მაგიდასთან მყოფების მთავარი მიზანი მშვიდობის დამყარებაა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის პუტინთან შესახვედრად. ზელენსკის თქმით, მას სჯერა, რომ ომი დასრულდება.

"თარიღი ჯერ არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ დავადასტურეთ ამ პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტთან და შემდეგ ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ მზად ვართ სამმხრივი შეხვედრისთვის. და თუ რუსეთი შესთავაზებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს ორმხრივ შეხვედრას, ამაზეც თანახმა ვართ, ისევე როგორც სამმხრივ ფორმატზე. უკრაინა არასდროს შეჩერდება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატის შეხვედრისთვის პუტინთან. მჯერა, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ. ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ ომი დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს საბრძოლო მოქმედებების პაუზა, არამედ იყოს რეალური მშვიდობა, რომლის დაცვაც უსაფრთხოების გარანტიებით იქნება შესაძლებელი. უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების დასაწყისის მთავარი საკითხია. აშშ ამბობს, რომ ამას კოორდინაციას გაუწევს და დაეხმარება, ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიაში. არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა ოვალურ კაბინეტში გაშლილ რუკაზე, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებია გამოსახული. მე ავხსენი რუკაზე მოცემული პროცენტული მაჩვენებელო, რადგან ეს ძალიან კარგად ვიცი. ამ საკითხზე თბილი და შინაარსიანი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.