ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ დებატი გვქონდეს ნებისმიერ თემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან უპასუხა კითხვას - "ორი პოლიტიკური გაერთიანება - "ხალხის ძალა" და "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ითხოვს, რომ გაიხსნას დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში, ევროინტეგრაცია არ წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ ინტერესს - რას პასუხობთ ამ ინიციატივას?."
"მათ შორის არიან ჯგუფები, რომელიც ფიქრობენ, რომ უმაღლეს განათლებას რეფორმა არ სჭირდება - მზად ვართ ამ ადამიანებთან შევიდეთ დისკუსიაში; არიან ადამიანები, ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია რისკებს შეიცავს - მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე. ასე რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დებატისთვის," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო არ დაზიანდეს.
"ჩვენ ევროკავშირის წევრობა იმიტომ არ გვინდა, რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველო, როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველო დანგრეული იყოს. ვხედავ ჩვენ რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მოლდოვაში - ინსტიტუციების განადგურება, ქვეყნის განადგურებაზე სხვა არაფერს ვსაუბრობ, მოლდოვის პრეზიდენტი საერთოდ ქვეყნის გაუქმებაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, უკრაინული და მოლდოვური გზა ჩვენი გზა არ არის, ჩვენ სხვა გზით მივდივართ - ჩვენი სახელმწიფოებრიობით, დამოუკიდებლობით და ჩვენი ინტერესების პატივისცემის გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში და საკავშირო გაერთიანებაში შესვლაში, ისე როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იყო ცენტრი - მოსკოვი და ახლა უნდა იყოს საკავშირო ცენტრი ბრიუსელში. ამ მხრივ გამოწვევები არის ევროკავშირში, დღევანდელი ბრიუსელი სრულად არის აცდენილი იმ ღირებულებებს, რომელზეც საქართველოს დგას. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილებები მოხდეს ბრიუსელში, დაუბრუნდეს ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც პასუხობს შესაბამისად ქართულ ღირებულებებს. ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა 78-ე მუხლით, რომელსაც წინ უძღვის 77-ე მუხლი, სადაც არის დამოუკიდებლობის საკითხი, ჩვენი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის საკითხი და ჩვენ არ ვაპირებთ, ბრიუსელს მივცეთ შესაძლებლობა, ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში და ბრიუსელიდან დაგვინიშნონ მოსამართლეები და პროკურორები. დისკუსია მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ვაცნობიერებთ ამ გზის მთელ სირთულეს და მნიშვნელოვანია ეს გზა სწორად გავიაროთ. ვინმე თუ ხედავს რაღაც რისკებს და საფრთხეებს, ჩვენ მზად ვართ ავუხსნათ, რომ არის რა თქმა უნდა რისკები და ამ რისკებს სჭირდება მყარი, სუვერენული პასუხები," - განაცხადა პაპუაშვილმა.
