ოპოზიცია თვითდაზიანების იგივე თვითდაპატიმრების რეჟიმში, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში, ოპოზიციის ცალკეული წევრების ქმედებებს. "ქართულ ოცნებას" მაგალითად ელენე ხოშტარია მოჰყავს, რომელმაც მელიქიშვილის გამზირზე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ბანერი დააზიანა, გადაიღო და სოციალურ ქსელშიც თავად ატვირთა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა, შეფარდებული გირაო კი არ გადაიხადა.
თემაზე გუშინ პრემიერმაც ისაუბრა და თქვა, რომ თვითდაზიანების პრაქტიკამ, რომელსაც ციხეში პატიმრები მიმართავდნენ, ახლა პოლიტიკაში გადმოინაცვლა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თვითდაპატიმრება პროტესტის ახალი ფორმაა, რაც "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა მიმდინარეობამ გამოიგონა.
"რა თქმა უნდა, მსოფლიოში პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგრამ რაღაც ახალ აღმოჩენას მიაგნეს, როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობის" სხვადასხვა ფილიალის წარმომადგენლებმა. შიმშილობა არსებობს, პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ შორის, საპყრობილეში, ქუჩაში, მშვიდობიანი, ძალადობრივი, რომელიც დასჯადია, მაგრამ მაინც არსებობს. მაგრამ, თვითდაპატიმრება, ეს ნამდვილად რაღაც ახალია, რაც გამოიგონა ერთ-ერთმა მიმდინარეობამ "ნაცმოძრაობაში". საერთოდ, რევოლუციებს ვინც აანონსებდა და ვინც ახდენდა რევოლუციებს, ის ხალხი ციხიდან გარბოდა და ესენი ციხეში რჩებიან. ქუჩაში ვერ ახდენ რევოლუციას და ციხეში რომ შეხვალ და იქიდან აღარ გამოხვალ, რევოლუცია რანაირად უნდა მოახდინო? ამაზეც კი ემჩნევათ, რომ არასერიოზულად უყურებენ ნებისმიერ ნაბიჯს. ეს თავიდან ბოლომდე იმის მტკიცებულებაა, რომ მათ რესურსი არ აქვთ არც არჩევნებში და არც ქუჩაში. ამიტომ ურჩევნიათ, რომ ციხეში იყვნენ და პასუხისმგებლობა აირიდონ და თქვან, რომ ციხეში ვართ და აქედან ვერც რევოლუციას მოვახდენთ და ვერც არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. მეტი სხვა ახსნა ასეთ ნაბიჯებს არ აქვს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.