4 ოქტომბერს იქნება არჩევანი - გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმსა და ექსტრემიზმს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან.
შალვა პაპუაშვილმა მედიასთან "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპიც შეაფასა.
"ძალიან დიდი მადლობა ზაზა ნოზაძეს ამ ინიციატივისა და იდეისთვის. მშვენიერი სიმღერა გამოვიდა, სულ რომ გავეშვათ წინასაარჩევნო კონტექსტს. გოგი ცაბაძე და მისი სიმღერები რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული, განუყოფელი ნაწილია ჩვენი დედაქალაქის და ქალაქში მცხოვრები ადამიანების. ამიტომ მისი სიმღერის ამ სახით წარმოდგენა ძალიან საინტერესოც იყო და ემოციური და ენერგიული, მათ შორის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში.
ის შინაარსი, რომელიც ჩადებულია ამ კლიპშიც, რაზეც შიგნით არის საუბარი, გარდა ძირითადი ტექსტისა, საუბარი ჩვენს კულტურაზე, ტრადიციებსა და წესებზე. ეს არის ის, რაც უნდათ, რომ დაუკარგონ ამ ქალაქს - ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია ჩვენი წესები. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ მათ გინებას, ბოღმას, უწესობას. ეს არის პრინციპში ის, რის შორისაც 4 ოქტომბერს იქნება არჩევანი - გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმსა და ექსტრემიზმს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.