"ევროპულმა სასამართლომ შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა შეკრება-მანიფესტაციებსა და პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნა, ხარვეზი არ დაუფიქსირებია," - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, კითხვის ნიშნები გაჩნდა გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით.
"ასევე, ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ როდესაც თავდასხმა ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციაზე, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია სპეციალური საშუალებების და ძალის გამოყენება. კითხვის ნიშნები გაჩნდა გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენად შეიძლებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან მიყენებული ზიანის მინიმიზაცია, ხომ არ შეიძლებოდა სპეციალური საშუალებების ისე გამოყენება, რომ ეს ზიანი საერთოდ არ დამდგარიყო? ამ მიმართულებით იყო კითხვის ნიშნები და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, გარკვეული მითითებები გაკეთდა, რომ გამოძიებას ყურადღება ამ ასპექტებზე უნდა გაემახვილებინა.
შესაბამისად, ახლა მიმდინარე გამოძიება ვალდებულია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაითვალისწინოს და ეს გადაწყვეტილება მათთვის, ფაქტობრივად, სახელმძღვანელო დოკუმენტია", - განაცხადა ძამაშვილმა.