ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფანჯრის მინა, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის ბანერია გაკრული,  ჩამსხვრეულია.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, ფანჯარას, სავარაუდოდ,  მძიმე საგანი რამდენჯერმე ესროლეს. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედება ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.

„ოფისში რომ შევედით, აღმოვაჩინეთ, რომ შუშებია ჩამსხვრეული. აქ არის ორმაგი შუშები, თან ბანერია, ეტყობა გაუჭირდათ შუშების ჩამსხვრევა, რამდენჯერმეა ქვები ნასროლი. ეს არის ფოთის ცენტრალური ქუჩა, სადაც ყველგან ვიდეოკამერებია. მოვიდა პოლიცია, ცდილობენ ამოიღონ ვიდეო კადრები. სიმართლე გითხრათ, გამოძიების დიდი იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დათო ხომერიკი.

აღნიშნულ ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ ხელისუფლებაში. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.