თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

"დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული წარმატებული ღონისძიების შემდეგ, ჩვენ დამატებით ორი ღონისძიება ჩავატარეთ. პირველი, ჩატარებულ ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.  ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვ.მ-სთვის გამორჩენის მისაღებად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ, გ.ხ-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვ.ღ-მ მინისტრის ახლო ნათესავის, ვ.მ-ს დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში, მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არა კონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არა რეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 მილიონ 606 ათას 272 ლარად ღირებული მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 მილიონ 940 ათას ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა მილიონ 333 ათას 728 ლარის ქონებრივი ზიანი." - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.