სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე კვლავ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ლევან მუსელიანის თქმით, მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში.

"ამ დრომდე, მეხანძრე-მაშველები რჩებიან ადგილზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში.

რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას, უზრუნველყოფენ მაღალ დონეზე უსაფრთხოების დაცვას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და თავიანთი პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან", - აღნიშნა ლევან მუსელიანმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადგილზე სპეციალისტები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოსახლეობის ნაწილს დღეს ნივთების გამოტანის საშუალება მიეცა.