სახალხო დამცველის განცხადება აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. - ნათქვამია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, ნიღბიანი პირები "ტვ პირველის" ჟურნალისტ  მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს  დაესხა. თავდასხმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს მოხდა . 
ოპერატორს თავი აქვს გატეხილი. 

 

საინფორმაციო სააგენტო mpress.ge  კატეგორიულად გმობს ტვპირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს მედიის ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

მოვითხოვთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველანაირი ზომა და მოხდეს ჩვენს კოლეგებზე თავდამსხმელი პირების დროულად დასჯა.