მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა და ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.

"დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესია განსაკუთრებით ევედრება სულიწმინდას და ლოცულობს შემდეგი სიტყვებით - "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი".

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. შეუძლებელია არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც მთელს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი, რომელსაც იგი საქართველოს ავტოპორტრეტს ეძახდა.

შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა და შევინარჩუნოთ ამ სულიწმინდის მადლის სინათლე, გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში. მადლი სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან", - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ.