პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი სასესხო შეთანხმებები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ სხდომაზე „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, სასესხო შეთანხმების ცვლილება პროექტის დასრულების ვადის გაგრძელებას ეხება, რომელიც 2025 წლის 31 აგვისტოს ნაცვლად 2028 წლის 31 მაისამდე გახანგრძლივდება.

მისი თქმით, პროექტის დასრულების ვადის გადაწევა ზოგიერთი ტენდერის ჩაშლამ და ტექნიკური დავალებების ნაწილის შეუსრულებლობამ განაპირობა, რის გამოც სასესხო შეთანხმებით გამოყოფილი თანხების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა.

სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის, რათა სესხს „ნაწილობრივ განხორციელების“ სტატუსი არ მიენიჭოს, აუცილებელია სესხის დახურვის და პროექტის დასრულების თარიღების გახანგრძლივება.

შესაბამისად, N2 ცვლილების წერილ-შეთანხმების თანახმად, სესხის დახურვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2027 წლის 31 დეკემბრით, ხოლო პროექტის დასრულების მოსალოდნელ ვადად 2027 წლის 30 სექტემბერი განისაზღვრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროექტის დასრულებამდე ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წონის კონტროლის დინამიური სისტემის საპილოტე პროექტისა და გზების მოვლა-შენახვის სტრატეგიის და სახელმძღვანელო დოკუმენტის მოსამზადებლად, საკონსულტაციო კომპანია შეირჩევა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე კომიტეტის წევრები „სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს მეორე მოსმენით გაეცნენ.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა განვითარების ფონდის ლიკვიდაციას და მასთან დაკავშირებული კანონის გაუქმებას შეეხება.

კომიტეტის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება.