ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის პროექტის განხილვა გაიმართა.

ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ მომზადებული პროექტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხება.

რეზოლუციის პროექტის ავტორები, პასუხისმგებელი პირებისთვის, მიზნობრივი ფინანსური სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით გამოდიან.

ევროპარლამენტში წარდგენილია რეზოლუციის ალტერნატიული პროექტიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაატა ბურჭულაძე და სხვა პირები დაკავებული არიან ჯგუფური ძალადობის, სტრატეგიული ობიექტების დაკავების მცდელობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებისთვის.

"2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს დემოკრატიულად არჩეული საქართველოს მთავრობა. შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ბოლოს, ბრბო წააქეზეს, შეჭრილიყო პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე. ამ ამბოხებისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა, რის შემდეგაც მძიმედ დაშავდა მრავალი ქართველი სამართალდამცავი. დამოუკიდებელმა და სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ განსაჯა ის, რასაც ერის ფუნდამენტური ინტერესების ხელყოფის შემთხვევად მიიჩნევს. სწორედ ისე, როგორც ამერიკულმა მართლმსაჯულებამ გააკეთა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, როდესაც მკაცრად გაასამართლა არეულობის ასობით მონაწილე და მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს. ცოტაოდენი მორიდება იქონიეთ.

ევროკავშირი სასამართლოსა და მოსამართლის გარეშე უწესებს სანქციებს ევროპელ ჟურნალისტებს, უყინავს მათ ანგარიშებს, უკრძალავს ტერიტორიაზე შესვლას და უნგრევს ცხოვრებას ერთი უბრალო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით. სანამ თბილისს დემოკრატიის გაკვეთილებს ჩავუტარებთ, ჯერ მათი ბრიუსელში გამოყენება დავიწყოთ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის პროექტს კენჭი დღეს უნდა უყარონ.