ევროკომისიას სურს, მონტენეგროს მონიტორინგი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც გააგრძელოს. ამისთვის, გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტში კომისიას ჩადებული აქვს ახალი მექანიზმი, რომელიც რეფორმებში უკუსვლის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ეს მექანიზმი 10-წლიან გამოსაცდელ პერიოდთან ერთად ამოქმედდება.

აღნიშნული ინიციატივა იმ ფონზე განიხილება, როდესაც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, აღნიშნული სიახლის სარგებელს ეჭვქვეშ აყენებს.

როგორც გამოცემა Euronews-ი წერს, მონტენეგრო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე წინ წასული კანდიდატი ქვეყანაა, ახალი, უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმების გამოცდის პოლიგონად იქცა.

გასულ კვირას ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ძირითადად, მხარი დაუჭირეს ახალი გარანტიების შესახებ დოკუმენტის პროექტს, რომელიც ირლანდიამ მოამზადა. ირლანდია ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ გადაწყვეტილებამ მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებას გზა გაუხსნა.

ამის საფუძველზე, ევროკომისიამ ხელშეკრულების შესაბამისი დებულებების პირველი პროექტი წარადგინა. ეს დებულებები ცნობილია, როგორც თავი 35. სამშაბათს დოკუმენტი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს.

პროექტი ერთ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს: ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მონტენეგროს მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას.

თავდაპირველი წინადადების თანახმად, ევროკომისია ქვეყანას მონიტორინგს გაუწევდა იმ პერიოდში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებასა და ქვეყნის ბლოკში ფაქტობრივად მიღებას შორისაა.

მიზანია, არ დაუშვან, რომ ახალმა წევრებმა რეფორმების ტემპი შეანელონ ან უკვე განხორციელებული ცვლილებები უკან წაიღონ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების დასრულების შესახებ პოლიტიკური შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა ევროკავშირის წევრები ჯერ არ არიან.

ევროკომისია შეამოწმებდა, ასრულებს თუ არა ქვეყანა მოლაპარაკებების დროს აღებულ ყველა ვალდებულებას და იცავს თუ არა მათ. ამასთან, კომისია რეგულარულ ანგარიშებს წარუდგენდა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს და საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელ ზომებსაც შესთავაზებდა. უკიდურეს შემთხვევაში, ევროკომისიას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გადადებაც კი შეეძლებოდა.

მოლაპარაკებების დროს ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ, რომლებიც უფრო მკაცრი გარანტიების შემოღებას ემხრობიან, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა მოითხოვეს, რომ მონიტორინგი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც გაგრძელდეს. როგორც გამოცემა წერს, თავმჯდომარე ირლანდიას ეს იდეა დოკუმენტის პროექტში არ შეუტანია, თუმცა საკითხი ღიად დატოვა.

სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი ჯგუფ "დასავლეთ ბალკანეთის მეგობართა" გაერთიანების წევრებმა, ეჭვქვეშ დააყენეს ამ მექანიზმის დამატებითი სარგებელი. მათი არგუმენტით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ისედაც ექვემდებარებიან მონიტორინგს ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორებიცაა კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშები და სამართალდარღვევის პროცედურები. მათ კითხვები დასვეს იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებდა მონიტორინგის მექანიზმი, გაწევრიანების შემდეგ რომელ სფეროებს დასჭირდებოდა დამატებითი ყურადღება და როგორ უნდა აერიდებინათ არსებული ინსტრუმენტების დუბლირება.