ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, გაერთიანების მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტზე მოლაპარაკებებს "ღია გონებით, კონსტრუქციული და კომპრომისისთვის მზადყოფნით" მიუდგნენ. მან ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება დროულად უნდა იქნეს მიღწეული.

"ახლა დროა ყველა ლიდერი ჩაერთოს ამ დისკუსიაში - ღია გონებით, კონსტრუქციული მიდგომითა და კომპრომისისთვის მზადყოფნით, რადგან ეს ბიუჯეტი დროულად უნდა დავამტკიცოთ. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ. ამისთვის კი ერთსულოვანი თანხმობა გვჭირდება", - განაცხადა კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ ერთმანეთის პოზიციებს უნდა მოუსმინოს, გაითვალისწინოს განსხვავებული მოსაზრებები და საერთო ენა გამონახოს.

კოშტამ დისკუსიის სამი ძირითადი საკითხი გამოყო: ბიუჯეტის საერთო მოცულობა, სხვადასხვა პრიორიტეტს შორის ფინანსური რესურსების განაწილება და ევროკავშირის შემოსავლის ახალი წყაროების დაბალანსებულ და ეფექტიან პაკეტზე შეთანხმება, რათა წევრი ქვეყნების ფინანსური შენატანები გონივრულ დონეზე შენარჩუნდეს.

ევროკავშირის ლიდერები ამ წინადადებას ხუთშაბათსა და პარასკევს ბრიუსელში გამართულ სპეციალურ სამიტზე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის დავა 2028-2034 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს თაობაზე კვლავ გრძელდება.