ფასების რეგულირება პროდუქტებზე და სოციალური ტვირთის შემცირება მოქალაქეებისთვის, - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა იწყება.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, ეს იქნება რიგით მესამე შეხვედრა. ორი დღის წინ, პრემიერი უკვე შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს. პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.

მთავრობის მეთაურის ინიციატივით შექმნილი კომისია სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.