ფასების რეგულირება პროდუქტებზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ პრემიერის ხელმძღვანელობით შეხვედრა მწარმოებლებთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ ფასების რეგულირების სივრცე არსებობს და ამისთვის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

ირაკლი ქურდაძე, კომპანია "ფრიქსი": "ქსელების მხრიდან მაღალი მარჟების, ქეშბექების მოთხოვნა ჩვენთვის, ქართველი მწარმოებლებისთვის არის ყველაზე დიდი ბარიერი, რომ მივაღწიოთ როგორც ფასის რეგულირებას, ასევე, ზოგადად, გადავრჩეთ. შესაძლებელია, პირდაპირ რომ ვთქვათ, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას - ძალიან რომ გავამარტივოთ, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს. ეს არის ქსელი დღეს, ვინც აკონტროლებს ბაზარს და, შესაბამისად, ქსელმა უნდა გააკეთოს ოპტიმიზაცია. მე ყველას მოვუწოდებ, რომ სამივე სექტორმა - როგორც დისტრიბუციამ, ისე მწარმოებლებმა, ასევე ქსელებმა, მთავრობის ჩართულობით, შევიმუშაოთ ის სამართლიანი თამაშის წესები, რითაც შევძლებთ, რომ ფასების რეგულირებასაც მივაღწიოთ და ქართული წარმოებაც დავიცვათ."

ალექსანდრე რატიშვილი, "ემსიბი ჯორჯია": საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რაც გვაწუხებს მწარმოებლებს და რაც ხელეწიფება მთავრობას და პარლამენტს, რომ მოგვარდეს. წარმოებები, თავისთავად, მუშაობენ ძალიან დაბალ მარჟაზე, მაგრამ წარმოებიდან თარომდე გასავლელი გზა არის ის გზა, სადაც ხდება საოცარი ფასნამატების წარმოება. ჩვენ შემთხვევაში, როცა მწარმოებლები დამოკიდებული ვართ საცალო ქსელებზე, რეალიზაციის თვალსაზრისით, ეს არის მათთან ჩვენი ურთიერთობის პრობლემა. ანუ, ის პირობები, რასაც ისინი აყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი განვათავსოთ მათთან თაროებზე, ძალიან მძიმე პირობებია - ეს არის ქეშბექი, შესვლის გადასახადი, გადახდის ვადები... გამოსავალი არის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო."

ლაშა პაპაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: "გიგანტები ვინც არიან (მსოფლიო გიგანტებს ვგულისხმობ) მათთან მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი გზა [ფასების რეგულაციისთვის], არის საბანკო სექტორი და კრედიტების გაიაფება, ასევე, უფრო მიზანმიმართული სუბსიდიები, რასაც ჩვენი სოფლის განვითარების სააგენტო ისედაც აკეთებს. მთავრობა ძიებაშია - იმიტომაც შექმნა კომიტეტი, ბიზნესსაც იმიტომ იწვევს, რომ ძიებაშია - რომელ გზას დაადგეს, რომელია ოპტიმალური. მე არ ვიცი ისეთი რეცეპტი, რომ ვთქვა, ასე გავაკეთოთ და კარგად იქნება საქმე-მეთქი, ძალიან ფაქიზი თემაა, ადვილი თემა არ იქნება. ჩემი რჩევა იყო, რომ 10-15 მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ჩაერთოს, რომ თავიანთი გეგმა დადონ, თვითონ როგორ წარმოუდგენიათ, რადგან ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით."

დღევანდელ შეხვედრამდე, შეხვედრები გაიმართა ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. საკოორდინაციო კომისიას, თავდაპირველად, სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა გადაწყდა, რომ კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. პარალელურად, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი და საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.