თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი თვის ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 39-მა ადამიანმა კვამლისგან ინტოქსიკაცია მიიღო. დაშავებულებს შორის 7 მეხანძრე-მაშველია.

ხანძარი ჩანკაიას რაიონში მდებარე 26-სართულიან შენობაში გაჩნდა. მაშველები დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მუშაობდნენ ხანძრის გასაკონტროლებლად.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი შენობის სართულებზე სწრაფად გავრცელდა, თუმცა ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები დროულად მივიდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.