აშშ-ს ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ყველაზე ძლიერი თოვლი და ქარბუქი ემუქრება. abcnews-ი იუწყება, რომ 180 მილიონზე მეტი ადამიანი მზადყოფნის მაღალ რეჟიმშია მოსალოდნელი ძლიერი ქარიშხლის გამო, რომელიც ნიუ-მექსიკოდან მენამდეა გადაჭიმული და, სავარაუდოდ,  საშიში ყინულისა და თოვლის გამო სამხრეთ შტატებს პარალიზებას გამოიწვევს.

შტორმის მოახლოების გამო, სულ მცირე 20 შტატში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორისაა: ალაბამა, არკანზასი, დელავერი, ჯორჯია, ინდიანა, კანზასი, კენტუკი, ლუიზიანა, მერილენდი, მისისიპი, მისური, ნიუ-ჯერსი, ნიუ-იორკი, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, სამხრეთ კაროლინა, ტენესი, ტეხასი და ვირჯინია.

ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში.

abcnews-ი წერს, რომ კვირა ამერიკული ავიაციის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე მოგზაურებისთვის, რადგან ამინდის გამო, ფრენების გაუქმების ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა. შაბათის მონაცემებით კვირის 8 000-ზე მეტი რეისი იყო გაუქმებული.

American Airlines-მა ყველა რეისის 37% გააუქმა. ლაგუარდიას აეროპორტში ფრენების დაახლოებით 85% უკვე გაუქმებულია.