პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა. მათი დიდი ნაწილი სასჯელს ქსნის და ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება.
"არ ველოდებოდი და გამიხარდა ნამდვილად. 11 თვე მაქვს დარჩენილი და შემეხო შეწყალება", - აცხადებს ერთ-ერთი პატიმარი.
"სასიხარულოა, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო და გახარებული ვარ ძალიან", - ამბობს მედიასთან კიდევ ერთი პირი, რომელმაც ციხე დატოვა.
"არ ველოდებოდი, მაგრამ სიურპრიზი გამიკეთეს. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და ყოველივე კარგს, ყველა პატიმარს", - აცხადებს ერთ-ერთი პატიმარი.
