მამაკაცს, რომელმაც ავსტრალიაში, შეიარაღებული ტერორისტი შიშველი ხელებით გაანეიტრალა, მოქალაქეებმა საქველმოქმედო შემოწირულობის წყალობით 2.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარზე (1.65 მილიონი აშშ დოლარი) მეტი შეუგროვეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ორი შვილის მამას, აჰმედ ალ-აჰმედს უზარმაზარი საბანკო ჩეკი კლინიკაში გადასცეს. აჰმედს ჩეკი საჩუქრად ცნობილმა ბლოგერმა და GoFundMe-ის გვერდის თანაორგანიზატორმა, ზაკერი დერენიოვსკიმ გადასცა.

როდესაც აჰმედს ჩეკი გადასცეს, მან იკითხა: "ვიმსახურებ ამას?", რაზეც დერენიოვსკიმ უპასუხა: "თითოეულ ცენტს".

საქველმოქმედო აქციაში მთელი მსოფლიოდან 43 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

GoFundMe კამპანია, ებრაული წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა ბილ აკმანმა დაიწყო, რომელმაც ყველაზე დიდი შემოწირულობა გაიღო და გმირად შერაცხილი მამაკაცის დასახმარებლად, თითქმის, 100 000 დოლარი გადარიცხა.

43 წლის აჰმედ ალ-აჰმედი ორი შვილის მამაა. ის ერთ-ერთ ტერორისტს, რომელიც სიდნეის სანაპიროზე ჰანუკას აღსანიშნავად მყოფ ხალხს ესროდა, უკნიდან მიეპარა და განაიარაღა.