"ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან" - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მედიასთან გააკეთა. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპას მოუწევს რუსეთის ლიდერთან პირდაპირი ურთიერთობის გზის პოვნა.
"მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან - გამჭვირვალობისა და უკრაინასთან თანამშრომლობის გზით", - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მაკრონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში 15 საათიანი მოლაპარაკების დასასრულს, გამთენიისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს (106 მილიარდი აშშ დოლარი) სესხს გამოუყოფენ, სესხი ბლოკის ბიუჯეტით იქნება მხარდაჭერილი.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ცვლილებაა იმ გეგმიდან, რომელიც სესხის დასაფინანსებლად ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას გულისხმობდა.
"ჩვენ, ევროპელებს და უკრაინელებს, გვაქვს ინტერესი, ვიპოვოთ სწორი ჩარჩო ამ დისკუსიაში სათანადოდ ხელახლა ჩასართავად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთთან ვისაუბრებთ მომლაპარაკებლებთან, რომლებიც შემდეგ დამოუკიდებლად წავლენ და რუსებთან განიხილავენ. ეს იდეალური არ არის", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
