ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მოწინააღმდეგეებს სურთ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მან გამარჯვება ვერ მოიპოვოს, ხელისუფლებაში კი ისეთი პოლიტიკოსები მოვიდნენ, რომლებიც დათმობებზე წავლენ, - არ დაუპირისპირდებიან "ჰამასს", "ჰეზბოლას" და ირანის ხელისუფლებას.
"გავიგე, რომ აბუ მაზენს (პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს) სურს, არჩევნებში დავმარცხდე. სხვათა შორის, იგივე სურს თურქეთსაც - თანაც ამას დაუფარავად აცხადებენ. დაფიქრდით: ვისი გამარჯვება სურთ ისრაელის მტრებს ამ არჩევნებში? შემიძლია გითხრათ - მათ ჩემი გამარჯვება არ სურთ. მათ სურთ, ხელისუფლებაში მოვიდნენ სხვები, ისინი ვინც დათმობებზე წავლენ, სინვარს, ჰანიეს, ნასრალასა და აიათოლას თავ-თავიანთ ადგილებზე დატოვებენ და ირანის ბირთვულ პროგრამასაც უცვლელად შეინარჩუნებენ.
მათ კარგად იციან, რომ ამ ყველაფერს სწორედ ჩვენ დავუპირისპირდით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გმირების - მებრძოლი კაცებისა და ქალების, პილოტებისა და მთელი ისრაელელი ხალხის - დამსახურებაა, რომელიც მედგრად დგას და ქვეყანას იცავს. მათ იციან, რომ სხვა ხელმძღვანელობის პირობებში ეს უბრალოდ არ მოხდებოდა და არც მომავალში მოხდება.
ჩვენ ამ ომს ბოლომდე მივიყვანთ, რადგან მთელი ისრაელის მოსახლეობისთვის ვიბრძვით. მეტსაც გეტყვით - ჩვენ მთელი მსოფლიოსთვის ვიბრძვით! მათ ეს კარგად იციან და სწორედ ამიტომ სურთ ჩვენი დამარცხება, თუმცა ამის საშუალებას არ მივცემთ", - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
