აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, დააკავეს. მას ბრალად ედება აღნიშნულ ოპერაციაზე ფსონის დადება, რამაც მას 400,000 აშშ დოლარის მოგება მოუტანა - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გასაჯაროებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მასტერ-სერჟანტმა განონ კენ ვან დაიკმა
დეკემბრის ბოლოს ანგარიში გახსნა Polymarket-ზე - ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საპროგნოზო პლატფორმაზე. მან დაახლოებით 32,000 დოლარი ჩამოვიდა იმაზე, რომ იანვრისთვის მადურო ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. ეს ფსონი საკმაოდ სარისკოდ მიიჩნეოდა.
თუმცა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ვან დაიკი ჩართული იყო ოპერაციის დაგეგმვასა და შესრულებაში და ფსონის დადებამდე წვდომა ჰქონდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოგება ანონიმური იყო, მან სამართალდამცავების ყურადღება მალევე მიიპყრო.
გამოძიების თანახმად, მან 27 დეკემბრიდან 2 იანვრამდე 13 ფსონი დადო. ბოლო ფსონი მან მადუროს ღამის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე განათავსა. პროკურორების განცხადებით, ვან დაიკმა 400,000 დოლარზე მეტი მოგება უცხოურ კრიპტოვალუტის საცავში გადარიცხა, სანამ თანხას ონლაინ საბროკერო ანგარიშზე შეიტანდა.
ვან დაიკი ხუთ სისხლის სამართლის მუხლით არის ბრალდებული, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის მოპარვასა და ბოროტად გამოყენებაში, ქურდობასა და თაღლითობაში. ის სასამართლოს წინაშე პირველად ჩრდილოეთ კაროლინაში წარდგება.
