ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. "ნაციონალურ მოძრაობაში" პოზიცია შეცვალეს და თქვეს, რომ ალიანსიდან გასვლას არ აპირებენ, მიხეილ სააკაშვილს კი თუ მოუნდება კრიტიკას გააგრძელებს და მას ცენზურა არ უნდა დაუწესდეს.

პასუხად, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს შეთანხმების დაცვა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციურ ალიანში ვერ გაჩერდება! ოპოზიციურ ერთობა დღეს სასამართლო პროცესზე მწვავედ გააკრიტიკა ლევან ხაბეიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას თქმით, პერსონალური თავდასხმა პრობლემაა, თუმცა კრიტიკა სავსებით ნორმალურია.

"პერსონალური თავდასხმა არის პრობლემა და ეს არის სხვა რამ. კრიტიკა, თუნდაც ჩვენი გადაწყვეტილებების სავსებით ნორმალურია, თუმცა ოდნავ უცნაური, რადგან როდესაც წარმომადგენელი გყავს ალიანსში და მსხვილი წევრი ხარ ალიანსის, მაშინ იქ უნდა შეძლო შენი პოზიციები გაიტანო", - განაცხადა გვარამიამ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის თქმით, ალიანსი ანტიმიშა ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ალიანში მათი ადგილი არ იქნება.

"კრიტიკა ეს არ არის თავდასხმა და ეს ჩვენი შეთანხმებით არის გათვალისწინებული. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს ეს კრიტიკა. ეს ალიანსი ვერ იქნება ანტიმიშა ალიანსი. თუ ვინმეს მოუნდება, რომ ასეთად გადააქციოს, ბუნებრივია ამას შევეწინააღმდეგებით. არ მგონია, რომ ასეთად გადაიქცეს, მაგრამ თუ გადაიქცევა ჩვენი ადგილი იქ არ იქნება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, შეთანხმების დაცვა ყველას მოუწევს.

"შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ. ნუ გაჩუმდება, შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.